ოქროსფერი სექტემბერი - ბავშვთა კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

სექტემბერი  ბავშვთა კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა - კიდევ ერთი შესაძლებლობა საერთო ძალებით გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა და ჩავერთოთ საერთაშორისო კამპანიაში ონკო პაციენტი ბავშვების დასახმარებლად.

ეს კამპანია 1990 წლიდან იღებს სათავეს და მასში ჩართული ორგანიზაციები, მოქალაქეები გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას პაციენტების, მათი ოჯახის წევრების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ სიმბოლურად ყვითელი ფერის ლენტებით დაავადების წინააღმდეგ გაბედული ბრძოლისთვის.

 დღეს, მსოფლიოში ეკონომიკისა და სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად კიბოთი დაავადებული ბავშვების გადარჩენის მაჩვენებელი იზრდება, თუმცა, ბავშვთა სიმსივნეებთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება, სწორედ ამ გამოწვევებზე, პრობლემებზე, მიღწევებსა და გამარჯვების ისტორიებზე ყურადღების კონცენტრაციისთვის მსოფლიო სექტემბრის თვეს მთლიანად ბავშვთა ონკოლოგიურ მიმართულებას უთმობს.

საქართველოში, დღეისათვის, უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ბავშვთა კიბოს სწორი და გონივრული მკურნალობისთვის, ცალსახად აღსანიშნავია ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა, რომელიც ონკო პაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას უკვე სრულად უზრუნველყოფს და პარალელურად საქართველოში ძლიერი ონკო ცენტრის ამუშავებას გვპირდება.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად უკვე 10 წელია სხვადასხვა აქტივობებით მხარში უდგას ონკო პაციენტ ბავშვებს და მათ ოჯახებს, ფონდის დონორების დახმარებით 10 წლის განმავლობაში 700-მდე ბავშვს გაეწია ფინანსური დახმარება, დღეისათვის, ჯანდაცვის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების, სოლიდარობის ფონდის ჩართულობით ჩვენი ფინანსური თანამონაწილეობის აუცილებლობა შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს სერვისები, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ფონდი ფარავს, მათ შორის საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიმართული პაციენტების მგზავრობის და საცხოვრებლის ხარჯების დაფინანსება, საზღვარგარეთ მედიკამენტების შეძენა და არაგეგმიური კვლევები საქართველოში.

 ბავშვთა სიმსივნეებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება შესაძლებელია დროული და სწორი დიაგნოსტიკის და მკურნალობის შემთხვევაში. ბავშვთა სიმსივნეების სკრინინგი მსოფლიოში არ არსებობს, შესაბამისად, მისი სიმპტომატიკის დროული ამოცნობა ადრეული დიაგნოსტიკის ერთადერთი გზაა. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო მასებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია. ჩვენ შევეცდებით ამ მიმართულებით ვიყოთ აქტიურები.

არსებობს კიდევ მრავალი გზა, რომლითაც შეგიძლიათ ჩაერთოთ მთელი სექტემბრის განმავლობაში, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და გააჩინოთ იმედი კიბოს მქონე ბავშვებსა და მოზარდებში და მათ ოჯახებში.

 ბენეფიციარების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://www.facebook.com/DitoTsintsadzisPondi

ბეჭდვა