ბენეფიციარები

ლედი მეგრელიშვილი
"ეს ჩემი ცხოვრებაა. რთული ცხოვრება, რომელიც თან  თვალისმომჭრელი თამაშია, პარაშუტით გადმოხტომაა, რისკია. ეს ყველაფერი მე გავიარე,  გავუძელი და გავიმარჯვე. მე დავიჯერე ბედნიერი დასასრულის. მიუხედავად ძნელი დღეებისა, არ დამიკარგავს ღიმილი, რომელიც ძალით, მაგრამ მაინც დასთამაშებდა ჩემს სახეს, რადგან მე პოზიტივის დედოფალი ვარ! სხვანაირად არ შეიძლება. მე ხომ ამერიკულ მთებზე ვზივარ და მხოლოდ წინ მივისწრაფი" - ეს ლედის სიტყვებია, ის ჟურნალისტობაზე ოცნებობს.... ლედი მეგრელიშვილი ოჯახის მესამე შვილია, ახლა ის დედისერთაა, მისი უფროსი და-ძმა მსგავსმა დაავადებამ შეიწირა წლების წინ. ლედის დიაგნოზი 12 წლის ასაკში დაუსვეს, ქართული ცეკვის ანსამბლში მორიგი მეცადინეობის დროს ფეხი ასტკივდა, დაუყოვნებლივ მიმართეს კლინიკას,  მშობლებს ექიმებმა მესამედ გაუმეორეს უმძიმესი დიაგნოზი - ოსტეოსარკომა. "გთხოვთ გულთან მიიტანოთ ჩემი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, მუხლმოდრეკით გევედრებით დამეხმაროთ და გადამირჩინოთ ჩემი პატარა გოგონა, 12 წლის ლედი" - გვწერდა 2013 წლის 6 ივნისს ლედის დედა,  ჩვენი ფონდის დახმარებით ბავშვს ქიმიოთერაპიების კურსი თურქეთში ჩაუტარდა, ბოლო 5 წელია ის კონტროლს და კვლევებს თურქეთისა და პარიზის კლინიკებში იტარებს, გოგონა უცხოელმა ექიმებმა ფეხის ამპუტაციისგან გადაარჩინეს, ჩატარდა რამდენიმე ოპერაციაც, თანხობრივად ლედი მეგრელიშვილის სახელზე ფონდმა 41 ათასი ლარი გაიღო. მკურნალობა კი გრძელდება, უახლოეს მომავალში მას პარიზის კლინიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რათა თავისუფლად შეძლოს  მოძრაობა და მისი საყვარელი ქართული ცეკვა.
ბეჭდვა