ოქროსფერი სექტემბერი 2026

სექტემბერი ბავშვთა კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.
ყოველწლიურად, სექტემბერში, მთელი მსოფლიო ერთიანდება ბავშვთა კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ამ მძიმე ბრძოლაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.
ოქროს ლენტი ბავშვთა კიბოს საერთაშორისო სიმბოლოა, ხოლო ოქროსფერი - ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო ფერი. რატომ ოქრო? - რადგან ბავშვებია ჩვენი ყველაზე ძვირფასი განძი.
ამ სექტემბერში ჩვენც შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ:
გავიღოთ ოქრო  GIVE GOLD
თითოეულ შემოწირულობას შეუძლია დაეხმაროს კიბოს დიაგნოზის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს, მიიღონ მათთვის საჭირო მხარდაჭერა და მნიშვნელოვანი სერვისები.
ვატაროთ ოქრო WEAR GOLD
ატარეთ ოქროსფერი ლენტი ან სხვა სიმბოლო, რომელიც საზოგადოებას შეახსენებს: ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში არც ერთი ბავშვი და ოჯახი არ უნდა დარჩეს მარტო.
ვიყოთ ოქრო  BE GOLD
შემოუერთდით ცნობიერების ამაღლების კამპანიას,  დააორგანიზეთ ღონისძიება, შექმენით საქველმოქმედო ინიციატივა, მიიღეთ მონაწილეობა ფიზიკურ გამოწვევაში ან გახდით ფონდის მხარდამჭერი.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გახდეთ ციფრული ელჩი - გააზიაროთ ინფორმაცია ბავშვთა კიბოს შესახებ და დაეხმაროთ საზოგადოებას, უფრო მეტი გაიგოს ამ პრობლემისა და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან კიბოს.
ბავშვთა კიბოს გლობალური რეალობა
• ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 400 000 ბავშვსა და მოზარდს უსვამენ კიბოს დიაგნოზს.
• ბავშვთა კიბოს გადარჩენილთა დაახლოებით 70%-ს მკურნალობის შედეგად გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება.
 
მაგრამ სტატისტიკის მიღმა არიან ბავშვები, მშობლები და ოჯახები, რომელთათვისაც ეს ბრძოლა ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენს.
სწორედ ამიტომ, ბავშვთა კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას არ ნიშნავს, ეს არის მხარდაჭერის, თანადგომისა და მოქმედების დრო.
13 წელია, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი საქართველოში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების გვერდით დგას.
13 წელია, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ იმას, რასაც ერთი სიტყვა -„კიბო“ - ვერ იტევს.
ვხედავთ მშობლებს, რომლებიც შვილის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.
ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც ძალიან პატარა ასაკში იწყებენ ყველაზე დიდ ბრძოლას.
ვხედავთ ოჯახებს, რომელთა ცხოვრებაც ერთმა დიაგნოზმა მთლიანად შეცვალა.
და ვიცით, რომ მკურნალობა საავადმყოფოს კედლებში არ მთავრდება.
ბრძოლა გრძელდება მაშინაც, როცა საჭიროა ძვირადღირებული მედიკამენტი, დამატებითი კვლევა, რეაბილიტაცია, საზღვარგარეთ მკურნალობა, მგზავრობა ან საცხოვრებელი.
ზუსტად ასეთ საჭიროებებზე პასუხისთვის შეიქმნა ჩვენი ფონდი.
13 წლის განმავლობაში თქვენი თანადგომით ჩვენ არაერთ ბავშვსა და ოჯახს დავეხმარეთ. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსა და სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერა არსებობს, რჩება ხარჯები, რომელთა გაწევა ოჯახებს ხშირად უჭირთ. სწორედ ამ დროს ვცდილობთ ვიყოთ მათ გვერდით.
ბავშვთა კიბო არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა.
ეს არის გამოწვევა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეხება.
ამიტომ სექტემბერში გთხოვთ, უბრალოდ არ ასქროლოთ. გახსენი ჩვენი საიტი და მოძებნე დონაციის ღილაკი. www.media4life.ge
ისაუბრეთ ბავშვთა კიბოზე.
გააზიარეთ ინფორმაცია.
გახდით ჩვენი მხარდამჭერი.
დაგვეხმარეთ, რომ კიდევ ერთი ბავშვისთვის შევძლოთ იმედის შენარჩუნება.
ზოგჯერ დახმარება შეიძლება იყოს დიდი თანხა.
ზოგჯერ მხოლოდ 1 ლარი.
მაგრამ ბავშვისთვის, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის, ერთი ლარიც მნიშვნელოვანია.
 სექტემბერში ჩვენც ვატარებთ ოქროს -
არა მხოლოდ ლენტით, არამედ გულით.
ბეჭდვა