სააღდგომო საჩუქრები "ჭიტასგან"

წინასააღდგომოდ, დიდ ხუთშაბათს, ჩვენს მეგობარ "ჭიტასთან" ერთად "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" წევრებმა ჩვენი პატარა შვილობილები მოვინახულეთ. ტრადიციას ეს ქველმოქმედი და გულიანი კომპანია უკვე მეორე წელია არ ღალატობს და მისი წარმომადგენლები ჩვენს ბავშვებს დღესასწაულებზე საჩუქრების გარეშე არ ტოვებენ.  ჯერ ბერი ანდრიას ფონდს ვეწვიეთ, შემდეგ კლინიკა "ლაიფმედში" შევიარეთ. პატარებს ანიმატორებმა გაუხალისეს ეს დღე, ბავშვებთან ერთად მხიარულ თამაშებში უფროსებიც ჩავერთეთ. როდესაც ამ საოცარი პატარების სახეზე  ღიმილს ხედავ, ასე გგონია სამყარო გადაარჩინე. 
მადლობა ფონდის სახელით საბავშვო მაღაზიათა ქსელს "ჭიტა", რომელმაც კიდევ ერთი დღესასწაული გაულამაზა ჩვენს პატარებს. 
ჩვენ ბერი ანდრიას ფონდის სულის ჩამდგმელს და მთავარ დიასახლისს, დედა თინათინსაც გავესაუბრეთ. ამ სახლში სრულიად უსასყიდლოდ ცხოვრობენ სიმსივნით დაავადებული პატარები, ძირითადად რაიონებიდან, მათ კვებაზეც დედა თინათინი ზრუნავს, მოკრძალებით შემოგვჩივლა, ბევრი რამ აკლიათ ამ ბავშვებსო, ყოველდღიური მოხმარების ნივთებით დაწყებული მნიშვნელოვანი კვების პროდუქტების ჩათვლით. გვინდა მოგიწოდოთ საზოგადოებას, კომპანიებს, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროთ ბერი ანდრიას ფონდს პროდუქტებით.
გაიზიარეთ ეს დიდი ბედნიერება - ქველმოქმედება. სიკეთე გადამდებია, შემოგვიერთდით! აჩუქეთ ერთი თქვენი საღამო ამ პატარებს.
ბეჭდვა