ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს საქველმოქმედო აქცია

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩის მეუღლის მანანა ზარიძისა და ნორვეგიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ალექსანდრე ხატისკაცის ინიციატივით, საქართველოს საელჩოს შენობაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მხარდასაჭერად და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საკვირაო სკოლის მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები და ალექსანდრე ხატისკაცის ფოტოები. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ნორვეგიის სამეფოში მოქმედი სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები და ქართველი ემიგრანტები.  მოსულ სტუმრებს, პირდაპირი ჩართვით მიმართა  ფონდის წარმომადგენელმა ქალბატონმა ეკატერინე ნონიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ფონდის საქმიანობასა და ბავშვების დასახმარებლად განხორციელებულ პროექტებზე.
გაყიდვიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში.
ბეჭდვა