აუქციონი - გადაარჩინე სიცოცხლე!

23 900 ლარი - ასეთი ფინანსური შედეგით დასრულდა აუქციონი, რომელიც 17 წლის  ქეთი მჟავანაძის დასახმარებლად გაიმართა!
ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს, საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ორგანიზებით საქველმოქმედო აუქციონი მოეწყო. აუქციონზე გამოტანილი ნივთები ფონდს საქართველოში ცნობილმა და ხალხისთვის საპატივსაცემო ადამიანებმა საჩუქრად გადასცეს, ღონისძიებას 300-მდე სტუმარი ესწრებოდა სამთავრობო, ბიზნეს, დიპლომატიური სექტორიდან, ასევე ჩვენი მეგობარი ფონდების ხელმძღვანელები. გაიმართა მცირე ფურშეტი და მოსაწვევებისა და ბილეთების ნომრებით ლოტოტრონში გათამაშდა ჩვენი მეგობარი კომპანიების მიერ მოწოდებული საჩუქრები. აუქციონს ვასიკო ოდიშვილი უძღვებოდა. აქციის სლოგანი იყო: "დაეუფლე შენთვის ძვირფასი ცნობილი ადამიანის პირად ნივთს და ამით გადაარჩინე სიცოცხლე!" -  მისია წარმატებით შესრულდა, მეორე დღესვე ფონდის ანგარიშიდან ფრაიბურგის კლინიკის ანგარიშზე 10 000 ევრო გადაირიცხა. ქეთი ფრაიბურგში საოპერაციოდ გაემგზავრება. დარჩენილ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო და "სოლიდარობის" ფონდი აანაზღაურებს, სამგზავრო ბილეთებსაც ქეთის და მის დედას ჩვენი ფონდი შეუძენს და ჩვენ ეს ერთად შევძელით! მადლობა თითოეულ თქვენგანს, საპატივცემულო და ცნობილ ადამიანებს ასეთი ძვირფასი ნივთების გადმოცემისთვის, მყიდველებს, შეძენისათვის, სპონსორებს თანადგომისთვის და ყველას, ვინც ეს საღამო შექმნა. ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ!
ბეჭდვა