პატიმრები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თბილისის მე-12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. 5 მსჯავრდებულის მიერ შექმნილი საეკლესიო ხატები და სამაჯურები პატრიარქის კურთხევით და კომპანია "ჯეპრას" ორგანიზებით გამოიფინა გალერეაში.

გამოფენის გახსნას  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის“ წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მსჯავრდებულების ახლობლები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხები, მსჯავრდებულების სურვილით, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში“ გადაირიცხება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მსჯავრდებულების მონაწილეობა ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც მათ რეაბილიტაციას ემსახურება, მნიშვნელოვანია.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავად მსჯავრდებულების სურვილით, ეს გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედი ხასიათისაა. უწყება ხელს უწყობს ყველა ისეთი ღონისძიების დაგეგმვასა და ჩატარებას, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას ემსახურება. მათი მონაწილეობა ინდივიდუალურ საქმიანობაში და ზოგადად, მსჯავრდებულების დასაქმება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელი გამოფენაც ემსახურება მათ მიერ კეთილი საქმის კეთებას და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან წევრებად დაბრუნებას,“-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ცინცაძემ კი, მსჯავრდებულებს აღნიშნული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა მინდა გადავუხადო იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც ეს ხელნაკეთი ხატები და სამაჯურები სასიკეთო საქმისთვის დაამზადეს. გაყიდვიდან შემოსული თანხები ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. ასევე, მადლობას ვუხდი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ფოლკლორის ცენტრსა და კომპანია „ჯეპრას“ ღონისძიების ორგანიზებისთვის“,-აღნიშნა დიმიტრი ცინცაძემ.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გთხოვთ, მობრძანდეთ და მიიღოთ მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში. თქვენ გაქვთ საშუალება შეიძინოთ წარმოდგენილი ექსპონანტები და ამით გადაარჩინოთ სიცოცხლე.

ბეჭდვა