ბრიტანეტის სათვისტომო ფონდის მხარდასაჭერად

დიდი ბრიტანეთის ქართულმა სათვისტომომ, ხელმძღვანელის, ქალბატონ ირინე სარაჯიშვილის ინიციატივით, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გამართა.
საქველმოქმედო საღამოს ROYAL OVER-SEAS LEAGUE Club -ში დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო მასპინძლობდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ინგლისში მოღვაწე წარმატებული ქართველი შემსრულებლები: მიხეილ ქირია (ბარიტონი, Glyndebourne Opera) ულამაზესი თეონა დვალი (სოპრანო, Mariinsky Theatre), ვირტუოზი
პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე.
კონცერტის შემდეგ მაყურებლებს შორის იღბლიანი ბილეთები გათამაშდა. მუსიკოსმა ქეთი მელუამ თავისი ხელმოწერილი CD-ით რამდენიმე იღბლიანი მაყურებელი დაასაჩუქრა. ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინამ, ელენე გლურჯიძემ გათამაშებაში გამარჯვებულებს გადასცა 2 ბილეთი სპექტაკლ "მაკნატუნაზე" და პოსტერები ავტოგრაფით. აგრეთვე დავით გიგაურმა და ანა სალდაძემ თავიანთი წიგნი "Be My Guest" და "შატო მუხრანის" სასმელი გადასცეს გათამაშებაში გამარჯვებულს.
ქართულმა სათვისტომომ საღამოს მონაწილეები "სარაჯიშვილისა" და "ბადაგონის"
სასმელებით დაასაჩუქრა. საქველმოქმედო საღამოს დასასრულს სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა
დიდ ბრიტანეთში და ჩრდილოეთ ირლანდიში, ბატონმა რევაზ გაჩეჩილაძემ .
საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა 2000 ფუნტსტერლინგი „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს“ ჩაერიცხა.
ირინე სარაჯიშვილი (დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე): - "საღამოს მონაწილეებმა დაუვიწყარი სიამოვნება მოჰგვარეს ყველა იქ მყოფთ. მინდა აღვნიშნო, რომ არა მაესტრო ჯანლუკა მარჩიანო და მისი მხარდაჭერა ეს საღამო ვერ შედგებოდა. მაესტრო იყო ამ საღამოს მასპინძელი და სწორედ მან წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას საქველმოქმედო საღამოს ვარსკვლავები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საპატიო სტუმრებს, საქართველოს ელჩს დიდ ბრიტანეთში და ჩრდილოეთ ირლანდიაში - ბატონ რევაზ გაჩეჩილაძეს, მუსიკოსს ქეთი მელუას და ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინას ელენე გლურჯიძეს, რომლებიც მუდამ მხარში გვიდგანან და მათი თანადგომით არა ერთი ღონისძიება ჩატარებულა. ასევე დიდი მადლობა დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს ყველა წევრს გაწეული თანადგომისთვის."
"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" მადლობას უხდის დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს, მის წევრებსა და საღამოს თითოეულ სტუმარს, შემომწირველს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.












ბეჭდვა