ჩვენი დიდი ოჯახი 5 წლის ხდება

ხუთი წლის წინ, ამ დროს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გავდიოდი მკურნალობას. დრო ჭიანურდებოდა და ფიქრი იმისა, რომ პრობლემები გადაიჭრებოდა, იკლებდა. პატარა, დარდისგან გათანგულ გულზე ბრაზი მერეოდა. მზად ვიყავი, მთელი მსოფლიოსთვის ზურგი მექცია და ოთკუთხედ ყუთში დამალული ავრიდებოდი პრობლემებს.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი არაცნობადობის გამო უსახსრობის პრობლემა არასდროს მოგვარდებოდა და მთელი ის ძალისხმევა, რომელიც გამოჯანმრთელებისკენ იყო მიზანმიმართული ამაოდ, ფუჭად დაიკარგებოდა.

სწორედ ამ ძნელბედობის ჟამს ჩაეყარა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს საფუძველი, რომელსაც ძლიერი, უდრეკი, სიკეთით აღსავსე ადამიანები ჩაუდგნენ სათავეში. ამ ფონდის დაარსებიდან მალევე მოხდა ჩვენი გადაკვეთაც. პირველად სწორედ მაშინ ვიგრძენი საზოგადოების სტრუქტურის ძალა, არსი და მნიშვნელობა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არსებობენ ამაღლებული ბუნების მქონე ადამიანები, რომლებიც მზად არიან უანგაროდ დაგეხმარონ და ასეც მოხვდა, ფონდი აქტიურად ჩაება ჩემს მკურნალობაში და მიფინანსებდა ყოველ გეგმიურ კონტროლს, ბილეთების და სხვა საჭირო პროცედურების საფასურს.

ასე და ამგვარად გავხდი ამ ფონდის ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი, ხოლო ახლა ფონდი ერთ დიდ ოჯახად იქცა, მე კი მათ შვილობილად. ეს ოჯახი დღესაც პატიოსნად აგრძელებს თავის საქმიანობას და გარდა ფინანსური დახმარებისა ისინი გვაძლევენ ძალას, გვიმაღლებენ თვითშესაძლებლობებს და გვჩუქნიან უზომოდ დიდ სიყვარულს.

ამ ფოტოზე მოციმციმე თვალებს ხედავთ, რომელთაც მეტნაკლებად მსგავსი თუ განსხვავებული ისტორია აქვთ, მაგრამ ჩვენ ყველას ჩვენი დიდი ოჯახი გვაერთიანებს.

არ არსებობს სიტყვები, რომლებითაც აღვწერთ ჩვენს მადლიერებას, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენი თვალები იმაზე მეტს მეტყველებენ და გამოხატავენ, ვიდრე სიტყვები

ლედი მეგრელიშვილი

ბეჭდვა