ანა ქორფაშვილი: "მე ახლა ბევრად ძლიერი და გამოცდილი ვარ"

"არ ვიცი საიდან დავიწყო... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მდგომარეობა არავისთვის იყო ფარული და საიდუმლო, ამ თემაზე არასოდეს დამიპოსტავს... განვლილი 2წელი და რადიკალურად შეცვლილი ჩემი ცხოვრება... არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რა გადავიტანე ამ დროის განმავლობაში, ეს მხოლოდ მე და უფალმა ვიცით..ამას იმიტომ არ ვწერ რომ ვინმე დავამწუხრო, პირიქით, ვინც ამ მძიმე პერიოდში არ დამტოვა და სულ გვერდში მედგა, ყველა კეთილის მსურველ ადამიანს, ჩემ მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს მინდა ვუთხრა და ვახარო,
მე სრულიად ჯანმრთელი ვარ!
მე შევძელი და დავამარცხე ლეიკემია!..
მადლობა უფალს რომ ეს დღე გამითენა, მადლობა, რომ შემიძლია ვიყო სტიმული მათთვის, ვისაც ასეთი მძიმე ჯვრის ტარება უწევს...მადლობა ჩემს უსაყვარლეს ექიმს, ეკა იმედაშვილს, რომელიც სულ პოზიტივით მავსებდა, ჩემს ნადლიდედას ემა ბაბაჯანაშვილს და მის უსაყვარლეს და თბილ ოჯახს, ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს დავით ფუტკარაძეს, დიმიტრიცინცაძისსახელობის ფონდს, ჩემს უსაყვარლეს მამიდას ნანა ქორფაშვილს და რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს -  დედა, მადლობა რომ არსებობ, შენ შვილს აპატიე თითოეული შენი ცრემლი და მინდა ამაყობდე, რომ მე ახლა ბევრად ძლიერი და გამოცდილი ვარ!
და ბოლოს მინდა ვთქვა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი ჩემი გამარჯვებით გავახარე" - ეს სიტყვები ანამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ, მანამდე კი იყო ხანგრძლივი და რთული ბრძოლა სიცოცხლისათვის,
ანას 18 წლის ასაკში მწვავე მონობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, მრავალი ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა გოგონას ბოლო სამი წლის განმავლობაში, პაციენტის ისტორიაში ავადმყოფობის მიმდინარეობის გრაფაში ჩაიწერა - მდგომარეობა მორეციდივო, ანამ საკუთარ უბის წიგნაკში ეს ჩაიწერა: "გრძნობა, რომელიც გიპყრობს, აუტანელია, და გაუსაძლისი. ფიქრი იმაზე, რომ მათ სიაში მოხვდები, ვის მიმართაც საზოგადოებას სიბრალულის გრძნობა ეუფლება და წუთი, როდესაც სარკეში ჩახედვისას „მას“ უკვე საკუთარ თვალებში ხედავ,
რომელსაც შეუძლია მოგანატროს ყველაფერი, სიცილიც კი, როგორც ჯანმრთელი ადამიანი იცინის, ტირილიც კი, როგორიც გჩვევია...

 

კითხვა, რომელიც ყოველთვის შენს თავშია და მოსვენებას არ გაძლევს - რატომ მაინცდამაინც მე? ალბათ იმიტომ, რომ უკეთ გესმოდეს მათი, ვისაც სტკივა, მათი ვინც შენსავით ებრძვის „მას“... ან ალბათ იმიტომ, რომ დროა ისწავლო ტკივილის ატანა, ან მიხვდე რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია და ყოველი დილის გათენებისთვის უფალს მადლობას სწირავდე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს  მიზეზი, ვალდებული ხარ იფიქრო კარგზე და დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის, იმ იმედით, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებ."......
მაშინ ჩვენ ანას დავპირდით, რომ  ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ დავტოვებდით და  ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ!
თითოეულ შემომწირველთან ერთად, რომ არა თქვენი თანადგომა, ეს ისტორიაც სხვაგვარად დაიწერებოდა, მადლობა ყველას, ვინც ანასთან ერთად მოიგო ბრძოლა სიცოცხლისათვის.

ბეჭდვა