მე სულ სხვა თვალით ვუყურებ სამყაროს - ჯული ბრეგვაძე

"2014 წლის თებერვალში დამიდგინეს დიაგნოზი აპლაზიური ანემია, ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთის დიდი ტრაგედია იყო. იაშვილის კლინიკაში რომ დამაწვინეს, ვხედავდი, როგორ იბრძოდნენ ბავშვები, დედები, მამები, როგორ სტკიოდათ, ითმენდნენ, ტიროდნენ, ამ ყველაფერმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე, დიდხანს ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს.

მალე მითხრეს რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია მესაჭიროებოდა, რაც საქართველოში არ კეთდებოდა და საზღვარგარეთ უნდა გავმგზავრებულიყავით, ეს კი დიდი თანხებთან იყო დაკავშირებული, ჩემს ოჯახს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, ვნერვიულობდით, გამოსავალს ვერ ვხედავდით და მამამ ვეღარ გაუძლო, ის გარდაიცვალა, ტრაგედიას ტრაგედია დაემატა, სწორედ ამ მდგომარეობით მივმართეთ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს, რომელსაც ბევრი კეთილი ადამიანი ჰყავდა გაერთიანებული, მაშინ 16  წლის ვიყავი. ჩემი ისტორია გადაცემა “პროფილის” ეთერში მოვყევი. იმ ხუთშაბათს ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად თანხა შეგროვდა და  იტალიაში გამგზავრება შევძელი. ჟურნალისტები მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებენ ბავშვებისთვის თანხის შესაგროვებლად. წამყვანები ხან საქველმოქმედო გადაცემებს ამზადებდნენ, ხან ეთერს ონკოლოგიის სფეროში არსებულ პრობლემებზე მწვავე დისკუსიას უთმობდნენ. მე და ფონდის სხვა შვილობილები რომ ახლა თქვენ წინაშე ჯანმრთელები ვდგავართ, სწორედ ამ წამყვანების და მათი გადაცემების დამსახურებაა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, იმით, რომ გამოვჯანმრთელდი და სულ სხვა თვალით ვუყურებ სამყაროს".

ჯული ბრეგვაძე, 20  წლის
"სიცოცხლისთვის ბრძოლის 5 წელი", 15/06/18 სასტუმრო ბილტმორი, თბილისი

 

ბეჭდვა