პატიმარ გელა მაიოროვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, 5-6 ოქტომბერს ნარიყალაზე "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" კუთხესაც იხილავთ.  ეს გადაწყვეტილება თბილისის მერიამ პატიმარ გელა მაიოროვის თხოვნით მიიღო. გელა პირველად გასულ წელს დაუკავშირდა ფონდს და ჩვენი შვილობილების დახმარების სურვილი გამოთქვა.  ამ დროის განმავლობაში სიყვარულით, რუდუნებით მუშაობდა და ახლახანს  ხეზე ნაკვეთი 15 ნამუშევარი და სხვა ნივთები შემოსწირა ფონდს.  შემდეგ მერიის წარმომადგენელს თავად დაუკავშირდა და ითხოვა თბილისობის ფარგლებში გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება. მერიამ გელას თხოვნა დააკმაყოფილა და ნარიყალაზე, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის"კუთხე მოეწყობა, სადაც პატიმარ გელა მაიოროვის ნამუშევრები გაიყიდება, ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად.
გელას ნამუშევრებს შორის, ხატებთან ერთად ფიროსმანის ცნობილ გმირებსაც იხილავთ, თბილისის სიმბოლოს, ქართლის დედას, ასევე გვაქვს გელას მოქსოვილი ფერად-ფერადი ფსკვნილები და სამაჯურები.
მობრძანდით, შეიძინეთ კეთილი კაცის ხელით შექმნილი ნაკეთობები ჩვენი შვილობილებისთვის, ჩვენ კი უდიდეს მადლიერებას და პატივისცემას გამოვთქვამთ ამ  გულისხმიერი ადამიანის მიმართ და ვუსურვებთ  გელას მალე დაუბრუნდეს საზოგადოებას მეტი სიკეთისა და მადლის გასაცემად.
ბეჭდვა