"ორმაგი ბრძოლა" - რჩევები ონკოლოგიურ პაციენტებს

კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის(UICC) მარტის თვის ცნობარი მიეძღვნა ახალი კორონავირუსის თემას. ონკოლოგიური პაციენტებისათვის საინტერესო ძირითად რეკომენდაციებს  საქართველოს პაციენტთა კავშირი გვიზიარებს
რა უნდა გაითვალისწინონ ონკოლოგიურმა პაციენტებმა, ვისაც ერთგვარად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა, ონკოდაავადებასთან და კორონა ვირუსის საფრთხესთან, პირველი რიგის რეკომენდაცია, ბუნებრივია ჰიგიენური წესების დაცვა და სიმშვიდის შენარჩუნებაა, გარდა ამისა, ონკოლოგიურმა პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
• გაიარეთ კონსულტაცია საკუთარ ექიმთან დაგეგმილი ვიზიტების და მათი გადაგეგმვის შესაძლებლობის თაობაზე; სამკურნალოდ მისულ პაციენტს თან არ უნდა ახლდეს ერთზე მეტი პირი!
• ერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს; იკითხეთ, უზრუნველყოფს თუ არა სამკურნალო ცენტრი ტრანსპორტირებას. მგზავრობისას, დაიცავით ხელების, პირის, თვალების ჰიგიენის ყველა ზომა და სხვა მგზავრებისგან უსაფრთხო დისტანცია.
• მინიმუმამდე შეამცირეთ სამედიცინო დაწესებულებებში დაყოვნების დრო დისტანციური კონსულტირების საშუალებით, თუ ეს შესაძლებელია, ან ჩაიტარეთ რუტინული კვლევები (მაგ. სისხლის ანალიზიები) პირველადი ჯანდაცვის ქსელში.
• შეძლებისდაგვარად გაიძლიერეთ იმუნური სისტემა: მოიწესრიგეთ ძილი (იდეალურია 8 სთ), ივარჯიშეთ, ჯანსაღად იკვებეთ, მოერიდეთ სტრესს და დარწმუნდით, რომ სხვა პოტენციური სამედიცინო პრობლემები (დიაბეტი, ჰიპერტენზია და ა.შ.) კონტროლის ქვეშაა.
• დაუყოვნებლივ აცნობეთ სამედიცინო წარმომადგენელს სიმპტომების გაჩენის შესახებ, მით უფრო, თუ გაჩნდა ისეთი სერიოზული ნიშანი, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება.
• ექიმთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან წინასწარ დაგეგმეთ შესაძლო გადაუდებელი მდგომარეობისას მოქმედების სქემა; უზრუნველყავით საჭირო დოკუმენტაციისადმი (პირადობის მოწმობა, დაზღვევის ბარათი, დანიშნულება და სხვა) მარტივი ხელმისაწვდომობა
• თუ სიმპტომები გამოუვლინდება ოჯახის წევრს, საჭიროა მათი დისტანცირება. ცალკე ოთახში დაძინება და საერთო სივრცეების მუდმივი დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით. დაუშვებელია მათ მიერ ონკოპაციენტის თანხლება სამკურნალო დაწესებულებაში".
 
ბეჭდვა