საქველმოქმედო ვახშამი ფონდის მხარდასაჭერად

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის ორგანიზებით, 5 დეკემბერს,  ხანუქას, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბავშვების დასახმარებლად. ღონისძიება ისრაელის ქნესეთის (პარლამენტი), საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, ისრაელის სახლისა და თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა. შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს ჩაერიცხება.


საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდნენ ისრაელისა და ქართული ბიზნესის, აგრეთვე, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები. სპეციალურად ამ დღისთვის, ისრაელიდან ქნესეთის ვიცე-სპიკერის, ხილიკ ბარის ხელმძღვანელობით, თბილისს ეწვია 20-კაციანი დელეგაცია, რომელშიც შედიან ისრაელის პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ზეევ დოლინსკი,  ქნესეთის წევრები და ისრაელელი ბიზნესმენები. 
საქველმოქმედო ვახშამს სულ 220 სტუმარი დაესწრო. ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი პირველი იყო, რომელმაც საქველმოქმედო ვახშამზე დასასწრები ბილეთი ოქტომბრის დასაწყისში ისრაელის ქნესეთის დელეგაციის თბილისში ოფიციალური ვიზიტისას, ებრაულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე, თბილისის მერთან ერთად შეიძინა. მთლიანობაში კი საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ანგარიშზე ღონისძიებიდან შემოსული თანხა - 67 ათასი ლარი ჩარიცხა.
„საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის მთავარი მიმართულებაა, ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა გადაიზარდოს სახელმწიფოებრივი დონის კავშირებში, რაც იქნება ურთიერთსასარგებლო ნაბიჯი ყველა მიმართულებით. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები თუ ღონისძიებები სწორედ ამას ისახავს მიზნად“ - აცხადებს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და ისრაელის სახლის დამფუძნებელი, ღონისძიების სულის ჩამდგმელი ბატონი იციკ მოშე.
ვახშამი ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე მუსიკალური ნომრების თანხლებით წარიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბატონმა იციკ მოშემ, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ფონდის მხრიდან კი ორგანიზატორებს და სტუმრებს მადლობა გადაუხადეს ფონდის დამფუძნებელმა კახა ჯანაშვილმა, დიტო ცინცაძემ და მაია ასათიანმა. ბატონ იციკ მოშეს კი ფონდისგან თანადგომისა და მხარდაჭერისათვის მადლიერების სიგელი გადაეცა.
ბეჭდვა