მადლობა თანადგომისთვის, ჩვენი შვილობილების ტკივილის
გაზიარებისა და თანაგრძნობისთვის,
მადლობა მათი სახელით, მათი მშობლების და ახლობლების
სახელით!
თქვენ ხშირად მათი სახელებიც არ იცით, ვის გადარჩენაშიც
მიგიძღვით წილი...
გრძლად მოგვიწევს ახსნა, რატომ არ ვართ აქტიური სოციალურ მედიაში
ბოლო დროს, მოკლედ კი, ბოლო 8 თვის განმავლობაში 100 000 ლარის
დახმარება გავუწიეთ 47 ბავშვს და ოჯახს, სხვადასხვა სამედიცინო
სერვისების დაფინანსებით.
როგორ მოვედით აქამდე?
13 წელია დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ონკოლოგიური
დიაგნოზის მქონე ბავშვებს ფინანსურ დახმარებას უწევს, დავიწყეთ მაშინ,
როცა ქვეყანაში არ არსებობდა არც ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც
ონკოპაციენტ ბავშვებს დაუფინანსებდა მკურნალობას საზღვარგარეთ,
წამალს, კვლევას, მგზავრობას, საცხოვრებელს. დავიწყეთ ჟურნალისტებმა,
როდესაც ჩვენს კოლეგას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებოდა და
გერმანიაში მისი გამგზავრებისთვის ათასობით ევრო იყო საჭირო, შევძელით
და გავაგრძელეთ, ვაგრძელებთ დღემდე, ვაგრძელებთ, რადგან
ონკოპაციენტებს მინიმუმ 5 და მეტი წელი სჭირდებათ საკონტროლო
კვლევების ჩატარება და სამედიცინო მეთვალყურეობა, ვაგრძელებთ, რადგან
ჩვენს შვილობილებს იმედს ვერ გავუცრუვებდით, მათ ვეიმედებით,
ვეიმედებით დღესაც, ახალ პაციენტებს, მიუხედავად არსებული
პროგრამებისა, არასრული დაფინანსების დროს, დასაბრუნებელი ბილეთის
შესაძენად, განმეორებითი საკონტროლო კვლევებისთვის, ბავშვთან ერთად
მშობლის ბილეთის, საზღვარგარეთ ძვირადღირებული წამლების შესაძენად,
სასტუმროს დასაფინანსებლად. თვეში საშუალოდ 15 ათასი ლარის მობილიზება
გვჭირდება, მცირედ რომ შევეხიდოთ ამ ოჯახებს. საქველმოქმდო ფონდში კი
თანხების მობილიზება მოქალაქეთა კეთილი ნებით ხდება, ჩვენი
შემოსავლების ძირითადი წყარო ადამიანების მიერ ჩარიცხული
თანხებია.
გასულ წლებში ბიზნესი, კერძო სექტორი მნიშვნელოვან
დონაციას ეწეოდა ფონდში, ბოლო დროს ორგანიზაციების მხრიდან ჩარიცხვები
შემცირებულია, ასევე საჯარო სამსახურებიდანაც, მოქალაქეთა მხრიდან კი
აქტიურობა მაშინაა, როდესაც ფონდი პაციენტი ბავშვის ფოტოს და ისტორიას
განათავსებს სოციალურ მედიაში. გასაგებიცაა, ადამიანებს უნდა
მივაწოდოთ ინფორმაცია რომ მივიღოთ შესაბამისი ქცევა.
რატომ არ გვაქვს ბოლო დროს სოციალურ მედიაში ვიზუალური
(ფოტო-ვიდეო) აქტივობა? რამაც თანხების შემოსვლაც შეამცირა
ფონდში.
განცხადება ფონდის გვერდზე მხოლოდ ფონდის ბენეფიციართა ოჯახის
წევრების ნებართვის შემთხვევაში თავსდება, მაქსიმალურად ეთიკურად,
საინფორმაციო შინაარსით, ვუთითებთ თავად ოჯახის ანგარიშის ნომრებსაც,
თუმცა, ბოლო დროს ჩვენი ბენეფიციარების მშობლები უარს აცხადებენ
ფოტომასალის და ინფორმაციის განთავსებაზე სოციალურ მედიაში.
ვაცნობიერებთ, ასეთ დროს მოზარდის ფსიქიკა განსაკუთრებით
მოსაფრთხილებელია და ვიზიარებთ ოჯახის განცდას და სურვილს და პოსტებს
აღარ ვდებთ კონკრეტულ ბენეფიციარებზე. მხოლოდ პაციენტის და მისი
ოჯახის წევრის წერილობითი მომართვის საფუძველზე ვდებთ განცხადებას
ჩვენს გვერდზე.
ამ წერილით კი მოგმართავთ საზოგადოებას!
ნუ დაელოდებით კონკრეტულ ისტორიას - ყველა ონკოპაციენტ ბავშვს და
ოჯახს ერთი დიდი ტკივილი და მსგავსი პრობლემები აქვს. სამედიცინო
ისტორიაში შესაძლოა იყოს განსხვავებული სახელები და ტერმინები. ჩვენი
ყველა ბენეფიციარი სიცოცხლისთვის იბრძვის და ჩვენ, მათთან ერთად,
თქვენი თანადგომის იმედით.
გახდი ფონდის დონორი და გააკეთე ნებისმიერი თანხის დონაცია
ყოველთვიურად. ერთად მეტს შევძლებთ!
ვაგრძელებთ ბრძოლას სიცოცხლისათვის...
ჩვენი შვილობილების დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ
ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი
GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი
GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი